MMA დღეს

შერეული ორთაბრძოლების დიდი ისტორიის მიუხედავად MMA–ს XX საუკუნის 90-იან წლებამდე დიდი პოპულარობა არ ჰქონია. ამის მიზეზი იყო ის, რომ MMA–ს პირველი ტურნირები იმართებოდა ბრაზილიური “Vale Tudo”-ს პრინციპით “არ არსებობს აკრძალული ილეთი ყველაფერი დასაშვებია” რის გამოც მათ არ ჰქონდა სპორტული შეჯიბრების ხასიათი და გამოირჩეოდა დიდი სისასტიკით და ძალადობით. იმისათვის რომ დაემტკიცებინათ თავისი სტილის უპირატესობა რეალურ არაკონტროლირებად სიტუაციაში სხვადასხვა ორთაბრძოლის წარმომადგენლებს უფლება ეძლეოდათ გამოეყენებინათ ნებისმიერი ილეთი. ასეთ ორთაბრძოლებს ხალხმა “ბრძოლა წესების გარეშე” შეაარქვა.
MMA-ს პირველ ტურნირებს მოყვა საზოგადოების მკაცრი კრიტიკა და წინააღმდეგობა. კრიტიკოსთა შორის იყო ბევრი ცნობილი ადამიანი. მაგალითად, ამერიკელი სენატორი ჯონ მაკეინი შერეულ ორთაბრძოლებს “ადამიანების მამლების ბრძოლას” ეძახდა და ხელისუფლებას მის აკრძალვისკენ მოუწოდებდა. ბევრმა ქვეყანამ აკრძალა MMA-ს ჩატარება და მისი ტელევიზიით ტრანსლირება. MMA-ს ორგანიზაციები იძულებული იყვნენ ფარულად ემუშავათ, რის გამოც ასეთი ტურნირების ყურება აღარ იყო საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი. კრიტიკისა და სხვადასხვა მოთხოვნების თავიდან ასაცილებლად პირველ ტურნირებს პრაქტიკულად ფარულად ან ისეთ ადგილებში ატარებდნენ სადაც არ მოქმედებდა სპორტული ზედამხედველობის კომისიები.
MMA–ს პოპულარობის ზრდა დაიწყო 1993 წლიდან, როცა აშშ-ში მოეწყო პირველი ტურნირი Ultimate Fighting Championship, რომელიც შემდეგ UFC–ს სახელით დამკვიდრდა. ტურნირში მონაწილეობა მიიღო 8 სპორტსმენმა, რომლებიც ბოქსის, სუმოს, კარატეს, ჭიდაობის და ჯიუჯიცუს სტილებს წარმოადგენდნენ. ყველას გასაკვირად გამარჯვებული გახდა გრეისების ოჯახის წევრი ჯიუჯიცუს სკოლის წარმომადგენელი როის გრეისი. იგი ყველა მოწინააღმდეგეზე სიმაღლითაც და წონითაც პატარა იყო და მიუხედავად ამისა ყველა ორთაბრძოლა მახრჩობელა და მტკივნეული ილეთებით მოიგო. საერთო ჯამში როის გრეისიმ UFC-ს პირველი ოთხი ტურნირიდან სამი მოიგო, რითაც სახელი გაუთქვა ჯიუჯიცუს სკოლას.

 
UFC-ყოფილი ჩემპიონი როის გრეისი

MMA–ს ერთ-ერთი პირველი ორგანიზაცია, რომელმაც აქტიური მუშაობა დაიწყო შერეული ორთაბრძოლების ლეგალიზებაზე იყო UFC. სწორედ UFC–ს ხელმძღვანელობამ პირველმა განახორციელა უმნიშვნელოვანესი ცვლილებები და რეფორმები საერთაშორისო სპორტული კომისიების მკაცრი მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად. შემოღებული იქნა მკაცრი წესები, რათა UFC–ს მიერ ჩატარებულ MMA–ს ღონისძიებებს მიეღოთ კანონიერი სპორტული ტურნირის სტატუსი. შერეული ორთაბრძოლების ხელოვნებამ თანდათან ადგილი დაიმკვიდრა, როგორც ერთ-ერთმა სპორტის სახეობამ. 2000 წლის 30 სექტემბერს პირველად მოხდა UFC-ს ტურნირების სანქციონირება. 2001 წელს UFC30 უკვე საერთო და მკაცრი წესებით ჩატარდა რაც ახალი სიტყვა იყო MMA-ს ისტორიაში.
დღეისათვის MMA-ს რეიტინგი დღითიდღე მატულობს. მისი პოპულარობა პროფესიული კრივის პოპულარობასაც კი გაუთანაბრდა, რაზეც მეტყველებს ტურნირების კომერციულ არხებზე გაყიდვები, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გაშუქების მასშტაბები, სპორტსმენთა რაოდენობის სწრაფი ზრდა, MMA-ს ინვენტარისა და ატრიბუტების გაყიდვების ზრდა და ა.შ.

წყარო:  Guff.ge

No comments:

Post a Comment