თანამედროვე “შერეული ორთაბრძოლების ხელოვნების” წინამორბედად შეგვიძლია განვიხილოთ ძველი ბერძნების ორთაბრძოლის ერთ-ერთი სახეობა “პანკრატიონი’. “პანკრატიონი” წარმოადგენდა “ბრძოლას იარაღის გარეშე” და ის ჯერ კიდევ ჩვ.წ.აღ. 648 წ. შეტანილი იყო ოლიმპიური თამაშების ჩამონათვალში. პანკრატიონის გამოჩენილი მებრძოლები დიდი ავტორიტეტით სარგებლობდნენ საზოგადოებაში და მათ ძეგლებსაც უდგამდნენ.
ძველბერძნული “პანკრატიონი”-ს შემდეგ სხვადასხვა კონტინენტსა და ქვეყანაში შეიქმნა საბრძოლო და სპორტული ორთაბრძოლების მრავალი სახეობა, სტილი, მიმართულება და სკოლა, მაგრამ თითოეული მათგანი მებრძოლს მხოლოდ ერთი მიმართულებით ავითარებდა და მას არ უხდებოდა დაპირისპირება სხვა სტილის წარმომადგენელთან. XIX საუკუნის დასასრულსა და XX საუკუნის დასაწყისში აქტუალური გახდა საკითხი სხვადასხვა სახეობის, სტილის თუ მიმართულების ორთაბრძოლებს შორის, რომელი არის ყველაზე ეფექტული და სრულყოფილი. ისმებოდა კითხვა ვინ აჯობებდა მოკრივის და მოჭიდავის ორთაბრძოლაში ან კარატის და ჯიუ-ჯითსუს ოსტატების დაპირისპირებაში. საუკეთესო სტილის გამოსავლენად სხვადასხვა სახეობის ოსტატები ხშირად ერთმანეთს ორთაბრძოლაში იწვევდნენ, მაგრამ ამ ყველაფერს ერთჯერადი ხასიათი ჰქონდა. გარდა ამისა ასეთ ორთაბრძოლებში არ არსებობდა საერთო წესები და მებრძოლები არ ფლობდნენ მოწინააღმდეგის ილეთებს და მათგან დაცვის მეთოდებს. მაგალითად, მოკრივის და მოჭიდავის დაპირისპირებაში მოკრივე ცდილობდა მოწინააღმდეგისთვის დარტყმები დგომში მიეყენებინა მაშინ როცა მოჭიდავეს მეტოქე პარტერში გადაჰყავდა. ყოველივე ამის გამო ასეთი ორთაბრძოლები არ იყო სანახაობითი.
XX საუკუნის 70-იან წლებში პროფესიონალმა იაპონელმა მებრძოლმა ანტონიო ინოკიმ (ნამდვილი სახელი კანდძი ინოკი) ჩაატარა სხვადასხვა სტილის ოსტატების რამდენიმე ორთაბრძოლა, რომელთაგან ყველაზე საყურადღებო იყო მისი შეხვედრა ბოქსის ლეგენდასთან მუჰამედ ალისთან (1976წ. 26 ივნისი) იხილეთ (inoki vs ali). მიუხედავად დიდი ინტრიგისა და ინტერესისა ორთაბრძოლა არ გამოდგა სანახაობრივი. გამარჯვებული ვერ გამოვლინდა და შეხვედრა ფრედ დამთავრდა. ამასთან მუჰამედ ალიმ ფეხებზე ისეთი ტრამვები მიიღო, რომ მის ბოქსის კარიერას კინაღამ საფრთხე შეექმნა.
მუჰამედ ალი vs ანტონიო ინოკი
ორთაბრძოლების ქართველი გულშემატკივრისთვის საინტერესო და სასიხარულოა იმის გახსენება, რომ ეს სწორედ ის ანტონიო ინოკი იყო რომელიც ჩვენმა ლეგენდარულმა ძიუდოისტმა შოთა ჩოჩიშვილმა 1989 წელს დაამარცხა ტურნირზე New Japan Pro Wrestling . იხილეთ Antonio Inoki VS Shota Chochishvili 1989 .
ორთაბრძოლის ბევრმა ოსტატმა დაიწყო მუშაობა სხვადასხვა სტილის და ტექნიკის ელემენტების გაერთიანებაზე. უნივერსალური სტილის იდეის ფუძემდებლად მიიჩნევენ ბრუს ლის, რომელმაც XX საუკუნის 60-იან წლებში შექმნა საბრძოლო ფილოსოფია “Jeet Kune Do”. ბრუსლის ფილოსოფიის მიხედვით მებრძოლს უნდა შეძლებოდა ნებისმიერი სტილის მოწინააღმდეგესთან შებრძოლება და მისი თავდასხმის მოგერიება ე.ი. ყოფილიყო უნივერსალური. ბრუს ლი ამბობდა, რომ ტრადიციული ორთაბრძოლის სახეობები იყო სწორხაზოვანი და შეზღუდული მრავალი მოთხოვნით. მისი აზრით უნივერსალური ორთაბრძოლა უნდა ყოფილიყო ქაოტური და ტრადიციული ფორმალური მოთხოვნებისგან გათავისუფლებული, როგორც “ქუჩის ჩხუბი”. მან გადაწყვიტა სხვადასხვა ორთაბრძოლებიდან აღებული ილეთებით შეექმნა “სტილი სტილის გარეშე” უფრო პრაქტიკული, მოქნილი, სწრაფი და ნებისმიერ სიტუაციაში ეფექტური სახეობა. ბრუს ლის ფილოსოფიამ და მისმა ფილმებმა ისეთი დიდი როლი ითამაშეს “შერეული ორთაბრძოლების ხელოვნების” სრულყოფაში, რომ UFC–ს პრეზიდენტმა დეინ უაიტმა მას MMA–ს მამა უწოდა.
ბრუს ლის მიერ შექმნილი “Jeet Kune Do”-ს გარდა იქმნებოდა შერეული სტილის სხვა სახეობებიც. მაგალითად XX საუკუნის დასაწყისში ბრაზილიური ჯიუჯიცუს წარმომადგენლებმა კარლოს და ხელიო გრეისებმა საფუძველი ჩაუყარეს შერეული ორთაბრძოლის სახეობის “Vale Tudo”-ს ჩამოყალიბებას, რომელიც ცნობილია პრინციპით “არ არსებობს აკრძალული ილეთი ყველაფერი დასაშვებია”. ანალოგიური პრინციპით შეიქმნა იაპონური ორთაბრძოლის სახეობა “Shootwrestling”. იაპონური “Kajukembo”, “Karate Goju-ryu” ასევე “საბრძოლო სამბო”, რომელიც ყოფილ საბჭოთა კავშირში 1938 წელს, სპეციალური ბრძანებით, სპეცსამსახურებისა და შეიარაღებული ძალებისათვის შეიქმნა. თანამედროვე სპორტული ორთაბრძოლებიდან ჯიუჯიცუ და სამბო თავისი ილეთების არსენალით ყველაზე ახლოსაა MMA–სთან და სპორტსმენების მომზადების ერთ-ერთი ძირითადი კომპონენტია.
წყარო: Guff.ge
No comments:
Post a Comment